სოლომონ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონ I
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1752
მმართ. დასასრული: 1784
წინამორბედი: ალექსანდრე V
მემკვიდრე: დავით II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1735
გარდ. თარიღი: 23 აპრილი, 1784
მეუღლე: თინათინ შერვაშიძე, მარიამ დადიანი, გულქან დედოფალი
დინასტია: იმერეთის ბაგრატიონები
მამა: ალექსანდრე V
დედა: თამარ აბაშიძე
ხელმოწერა:

სოლომონ I (დ. 1735 — გ. 23 აპრილი, 1784, ქუთაისი) — იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე V-ისა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარ აბაშიძის, ძე.

სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამეფება და ბრძოლა სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონი ტახტზე ასვლისას 17 წლის იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი, ბაბუა — ლევან აბაშიძე და მეფის ბიძები — მამუკა და გიორგი ბაგრატიონები, შეძლო მისი დამარცხება. მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სამეფოდან გააძევა, აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა.

სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა: ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო. სოლომონმა შემოიკრიბა დიდი თავადებისგან შევიწროებული წერეთლები, წულუკიძეები, ჯაფარიძეები, იაშვილები და აგიაშვილები; ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა. მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „ფიცის კაცნი“. ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ შორის იყვნენ ლორთქიფანიძეები, მესხები, ავალიანები, იოსელიანები, ღოღობერიძეები, მიქაბერიძეები, ყიფიანები, ქორქაშვილები, უგრეხელიძეები, გრიგალაშვილები, ჭაბუკიანები და სხვა.

ოსმალებთან კონფლიქტის დასაწყისი და მისი მიზეზები, ხრესილის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, სოლომონი ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას, მაგრამ, როგორც კი ქვეყანაში შედარებითი წესრიგი აღადგინა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ეს უკვე ოსმალებმა სერიოზულ გამოწვევად მიიჩნიეს. ოსმალეთი დიდად უწყობდა ხელს ტყვეებით ვაჭრობას – შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი თავადაზნაურობა და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის საგარეო ვაჭრობის დიდი წილი სწორედ ტყვეებით ვაჭრობაზე მოდიოდა. ამიტომ იყო, რომ ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას, ოსმალებთან ერთად, მათთან დაკავშირებული თავადებიც ეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე, ამიტომ იგი ფარულად შეუდგა საომარ მზადებას. პირველად, ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ, იმერეთის მეფის გვერდით დაირაზმნენ: ოდიშის მთავარი, გურიის მთავარი, სამურზაყანოს მთავარი, იმერეთის თავადაზნაურობა და გლეხობა. ოსმალთა მხარეზე აღმოჩნდნენ როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე. 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში სოლომონმა საომრად ხრესილის მინდორი შეარჩია, სადაც ოსმალთა მთავარი ძალები იყვნენ თავმოყრილნი.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ სოლომონმა საიმედოდ ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, საიდანაც ხრესილზე მდგარი თურქების დამხმარე ჯარის შემოსვლა იყო მოსალოდნელი. მეფეს დადიან-გურიელის ჯარებიც შეუერთდნენ, მათთან ერთად იყო აგრეთვე აფხაზეთის მთავარი ხუტუნია შარვაშიძე. 1757 წლის 14 დეკემბერს, გამთენიისას, ხრესილის მინდორზე მეფის ლაშქარი თავს დაესხა ახალციხისა და აჭარის სანჯაყთა მრავალრიცხოვან ჯარს. ხრესილის ბრძოლაში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავით ბატონიშვილის გადმოცემით, სოლომონი “ესრეთ მხნე იყო, ვითარცა ლომი”. ამავე ბრძოლაში მოკლეს სამშობლოს გამყიდველი ლევან აბაშიძე, რომელიც თურქთა მხარეზე იბრძოდა, მისი მამულები კი სამეფო საკუთრებად გამოცხადდა.

სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი მის ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდა და საჭირო ზომები მიიღო: 1758 წელს სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომონ I-ის ხელისუფლება უფრო მეტად გაძლიერდა. ამავე წელს სოლომონ I ქართლ-კახეთის მეფეებს ეხმარება ატოცთან გამართულ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ. ეს ხელშეკრულება 1770 წლამდე არ დარღვეულა (1773 წელს ერეკლემ და სოლომონმა აღადგინეს იგი). ხრესილზე განცდილი მარცხი ოსმალებმა არ აპატიეს სოლომონს. მომდევნო, 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ შემოუსია ლეკები იმერეთს. პირველად, სოლომონმა ჯარების შეკრება ვერ მოასწრო და დამარცხდა, ლეკებმა გაძარცვეს გელათი, დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან; მეორედ კი სოლომონმა სძლია მტერს.

არსებობს ერთი უცხოური ცნობა, რომელიც არაჩვეულებრივად ახასიათებს სოლომონის ხერხიანობას და პირად სიმამაცეს: სოლომონი პირადად ჩასულა ახალციხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასათვის ერთგულება აღუთქვამს იმ შემთხვევაში, თუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებს. ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და მას მეციხოვნეთა დასასჯელად 3 ათას კაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი შეფარულად აცნობა თავის სარდლებს, მათ გზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთიანად გაჟლიტეს თურქები. ეს ცნობა სინამდვილეს რომც არ შეეფერებოდეს, მაინც მნიშვნელოვანია სოლომონის მაღალი ავტორიტეტის და ხალხზე მისი მორალური ზეგავლენის შესაფასებლად.

საეკლესიო კრება, ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა და რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1759 წლის 4-5 დეკემბერს სოლომონმა საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. ერთი თვის განმავლობაში მსჯელობა დასავლეთ საქართველოს საერთო საკითხებზე მიმდინარეობდა. კრებაზე იმერეთის, ოდიშისა და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. კრების გადაწყვეტილებით, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო დარბაზის სხდომა იყო, დაკანონდა ეკლესიის მიერ მათი შეჩვენება, ვინც ამ საქმეს გააგრძელებდა, ხოლო საერო კანონმდებლობით ტყვეებით მოვაჭრეთათვის სიკვდილით დასჯა დადგინდა. გარდა ამისა, კრებამ სხვა დადგენილებებიც მიიღო: აღადგინა გაუქმებული ქუთაისის ეპარქია და დაუბრუნა მას მიტაცებული ყმა-მამული. ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად კრებამ მაქსიმე აბაშიძე აირჩია; ეკლესიის მამულები მთლიანად გაათავისუფლა გადასახადებისაგან. კრებამ ასევე დაადგინა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის უფლებები მის ძველადვე კუთვნილ ქონებაზე; უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულები სახელმწიფოს დაუბრუნდა, საეკლესიო ყმები გათავისუფლდნენ ზედმეტი გადასახადებისაგან; დადგინდა ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა, ეკლესია-მონასტრების აშენება და სხვა.

სოლომონ მეფემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურისდიქციაში მოაქცია. ზოგი ციხე მან შეიძინა თავადებისაგან (ხორაგაული, ჩხერი), ზოგი ჩამოართვა ურჩ თავადებს (კაცხი), ზოგიც ნებაყოფლობით გადასცეს (მოდინახე). ამასთანავე სოლომონი ზრუნავდა ყმა-გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. სახელმწიფო მიწებს სოლომონი თურქთაგან დახსნილ ტყვეებს, ომში დატყვევებულ მაჰმადიან ქართველებს, ახალციხიდან გადმოსულ ქართველ კათოლიკეებს ურიგებდა.

თურქების წარუმატებელი მცდელობა ხელისუფლების შესაცვლელად და ოსმალეთ–იმერეთის ზავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ოფიციალურად მოსთხოვა ტყვეებით ვაჭრობის დაშვება. სოლომონმა უარი შეუთვალა. პასუხად იმერეთში ოსმალთა 20-ათასკაციანი დამსჯელი რაზმი შემოიჭრა, რომელიც ქართველებმა დაამარცხეს. სულ მალე, 1763 წელს, სოლომონმა ოსმალთა 13-ათასიანი ჯარის შემოტევა მოიგერია და იმავე წელს სებეკასა და ასკანას ციხეებიც აიღო. ამ დამარცხებათა გამო ოსმალეთი უკვე საგანგებოდ მოემზადა ახალი ლაშქრობისათვის. 1765 წელს ოსმალთა ჯარი გურიასა და ოდიშში ჩადგა, იქ გამოიზამთრეს და 1766 წლის სექტემბერში იმერეთს შეესივნენ. თურქბმა ქვემო იმერეთი დაიკავეს, სვერის ციხეც აიღეს და ქუთაისში სოლომონის ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს მეფედ. სოლომონი წერეთლებმა მოდინახეს ციხეში შეაფარეს. იგი ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ჯარების სარდლობას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. თურქების ძირითადმა ჯარმა ქვეყანა დაარბია და იმერეთს გაეცალა, ადგილზე კი 4 ათასი თურქი ჯარისკაცი იქნა დატოვებული. სოლომონი გამოვიდა საფარიდან, თავისი მომხრეები შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა. მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი.

ოსმალეთის მთავრობას თავად აღარ უღირდა იმერეთისათვის სამხედრო კამპანების მოწყობა – ეს აუნაზღაურებელ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ოსმალეთი ადვილად დათანხმდა ზავზე, რომლის პირობების შემუშავებაში ერეკლე II-ის დიპლომატიც მონაწილეობდა. 1767 წელს ოსმალეთმა იმერეთის სამეფოსთან საზავო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, იმერეთის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ ქვეყნად. ხელშეკრულებაში აღარ იყო წამოყენებული ტყვეებით ვაჭრობის მოთხოვნა, იმერეთს ყოველწლიური ხარკის სახით უნდა გაეგზავნა 60 ქალი, მხოლოდ, ამჯერად, ოსმალეთი არ მოითხოვდა, რომ ეს ქალები აუცილებლად ქართველები ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, სოლომონი ამ პირობასაც აღარ უსრულებდა ოსმალეთის მთავრობას.

თეიმურაზ მამუკას ძე არ თმობდა პოზიციებს, ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ჩხერთან გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა თეიმურაზი დაამარცხა (1768). იგი მუხურის ციხეში გამოკეტეს და იქვე გარდაიცვალა.

რაჭის საერისთავოს გაუქმება, ოდიშზე სუვერენიტეტის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1769 წელს მეფემ მუდამ განდგომილი და ოსმალების მომხრე როსტომ რაჭის ერისთავი ოჯახიანად ვარციხეში ისტუმრა. იაშვილების მამულში სანადიროდ მიიტყუა და თვალები დასთხარა. ცალი თვალი მის ძეს – გიორგისაც ამოუღო. როსტომს ყმა-მამული ჩამოერთვა, რაჭის საერისთავო გაუქმდა. მეფემ როსტომის ძმა, ბესარიონი კათოლიკოსობიდან გადააყენა და თავისი ძმა, იოსებ გენათელი აკურთხა. ბესარიონი კაცია II დადიანმა სამეგრელოს პატრიარქად აკურთხებინა და ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვა, მაგრამ ახალციხის ფაშამ იოსების მხარე დაიჭირა და მალე სამეგრელოში კათალიკოსობა გაუქმდა, ხოლო დადიანმა იმერეთის მეფის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტახტის დაბრუნების შემდეგ, საჭირო იყო ძლიერი მოკავშირის მოძებნა. ამ მიზნით, სოლომონმა 1768 წლის 23 ივნისს რუსეთში საგანგებო ელჩი – მაქსიმე ქუთათელი (აბაშიძე) გააგზავნა. მეფე რუსეთისგან მფარველობას ითხოვდა, სამაგიეროდ რუსეთ-ოსმალეთის ომში თანადგომას აღუთქვამდა. ამავე პერიოდში, მეფე სპარსეთშიც აგზავნის ელჩობას ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკი) მეთაურობით და დახმარებას ითხოვს.

ოსმალეთთან დაწყებული ომის (1768-1774) პირობებში, რუსეთის მთავრობამ ქუთაისის მიტროპოლიტის ჩამოსვლა დროულად მიიჩნია, რადგან შესაძლებლობა ეძლეოდათ, გამოეყენებინათ იმერეთის მეფე ოსმალეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, მაქსიმე ყიზლარიდან სასწრაფოდ მიიწვიეს პეტერბურგში. ამავე დროს პეტრბურგიდან აცნობეს ყიზლარის კომენდატს, რომ უკან გაებრუნებინათ მაქსიმეს თანმხლები არქიმანდრიტი, რათა მას ეცნობებინა სოლომონ მეფისათვის რუსეთის მთავრობის მზადყოფნა დახმარებისათვის; ამასთანვე გაეტანებინათ არქიმანდრიტისათვის საიდუმლო მრჩევლის, გრაფ პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს, სოლომონს ახლავე დაეწყო დივერსიული მოქმედებები თურქების წინააღმდეგ. წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ სასურველი იქნებოდა, რომ სოლომონი ერეკლესთან ჩასულიყო თბილისში და ცდილიყო მის დაყოლიებას თურქთა წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე. ასეთი იყო რუსეთის გეგმა მიმდინარე მომენტისათვის. თავად სოლომონს კი თავისი ქვეყნის საამომავლო პერსპექტივა აწუხებდა და ამიტომ იმედის თვალით შეჰყურებდა ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს ერეკლეც და სოლომონიც მზად იყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაეწყოთ. მაგრამ ამისათვის რუსეთისგან ჯარითა და ფულით დახმარებას ითხოვდნენ. სოლომონი ამ ჯარით ოსმალთა მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას და ურჩ თავადთა დამორჩილებას აპირებდა. თავის მხრივ, რუსეთი ვარაუდობდა ამიერკავკასიის ქრისტიანთა ჩაბმას ე. წ. კავკასიის ფრონტზე, რაც რუსეთს შეუმსუბუქებდა სამხედრო ოპერაციებს ბალკანეთში.

რუსულ გეგმაზე თანხმობის ნიშნად, სოლომონი 1769 წლის 21 მაისს თბილისს ეწვია, სადაც ერეკლეს ეთათბირა. მათ ერთად შეიმუშავეს კონკრეტული მოთხოვნები და რუსეთში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს. სოლომონმა რუსეთში დავით კვინიხაძე გააგაზვნა.

რუსეთის სამხედრო ქმედებები დასავლეთ საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელჩობის შედეგად, ეკატერინე II–მ იმერეთში ოთხასკაციანი სამხედრო შენაერთი გამოაგზავნა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. 1769 წლის სექტემბერში ტოტლებენი იმერეთში შევიდა. ოქტომბრის თვეში ქართველები და რუსები შორაპნის ციხეს გარს შემოეტყნენ. ამ დროს სოლომონს ცნობა მოუვიდა, რომ თურქები, დადიანთან ერთად, იმერეთში შემოიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა თავისი ხალხი მოეხსნა და წასულიყო, შორაპანთან კი ტოტლებენი დატოვა. ტოტლებენმაც თვითნებურად მოხსსნა ალყა და ქართლში გადავიდა.

1770 წელს საქართველოში მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით ცუცხვათის, შორაპნისა და ბაღდათის (2 ივლისს) ციხეები აიღეს, 6 აგვისტოს კი რუს-იმერელთა ჯარმა ქუთაისის ციხეც აიღო. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც ურთიერთობა დაძაბა.

1770 წლის 3 ოქტომბერს ტოტლებენმა, სოლომონის აზრის გაუთვალისწინებლად, ფოთის ალყა ალყა დაიწყო, რომელიც ვერ აიღო და 6 თებერვალს ალყა მოხსნა. ამას, ოსმალების მხრივ, ფოთის მიმართულებით ახალი ნაწილების გადმოსროლა მოჰყვა. სოლომონ მეფემ სწრაფი სამხედრო მანევრით გზა გადაუკეტა გურიიდან ფოთისაკენ მომავალ ჯარებს. 1771 წლის 3 იანვარს რუსებმა ფოთი აიღეს. იმავე წელს ტოტლებენი სუხოტინმა შეცვალა.

რუსთა ჯარის გასვლის შემდგომ, ჩხერის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხის ფაშა აგრძელებდა საქართველოში მარბიელი რაზმების შემოგზავნას. ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით, 1773 წელს სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს და ხელშეკრულების ასლი რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს. იმავე წელს, ერეკლესა და სოლომონის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეთში ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებეულმა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა.

1774 წელს, რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ, ფაშამ იმერეთში 4 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი გამოაგზავნა და თან დადიანი და აფხაზეთის მთავრიც წააქეზა სოლომონის წინააღმდეგ. სოლომონის თხოვნით, ერეკლე II-მ დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა და მანაც უარი თქვა თურქების წინადადებაზე. ამ დროს, ერეკლე თავად ემზადებოდა იმერეთში გადასასვლელად, როცა თურქთა ჯარმა სასწრაფოდ უკან დახევა დაიწყო. 6 თებერვალს გაიმართა გადამწყვეტი ჩხერის ბრძოლა. იმერთა ჯარი მტერს ჩხერის ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.

ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები იმერეთისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1774 წლის ნოემბერში სოლომონ I-მა რუსეთში ელჩად კვლავ დავით კვინიხიძე მიავლინა, რომელსაც თან ოფიციალური თხოვნა მიჰქონდა იმპერატორ ეკატერინე II-სთან იმერეთის მფარველობაში აყვანის შესახებ. მაგრამ ამ დროისათვის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი (1774 წლის 10–21 ივლისი) უკვე დადებული იყო, რომლის შედეგების შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგზავნილი სიგელით შეიტყო. ამ ზავის 23-ე მუხლის თანახმად, რუსეთი ცნობდა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის უფლებას გარკვეული პირობებით – რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდათს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა. ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახადზე; ვალდებულებას კისრულობდა არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესია. ეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდა. ადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას.

1776 წლის 5 ოქტომბერს იმერეთის მეფეს თურქეთის ელჩობა ეახლა და სულთნის ფირმანი გადასცა ძვირფასი საჩუქრებითურთ. ამით დასტურდებოდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად თურქები დასუსტდნენ და ქართლ-კახეთთან და იმერეთთან ბრძოლის უნარი დაკარგეს.

საშინაო საქმეები, შეთქმულება მეფის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში გააერთიანა ქუთაისის მოურავისა და სარდალბოქაულთუხუცესის სახელო. სოლომონის ცენტრალიზებულმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 1778 მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის გადაყენება და მისი მემკვიდრის — ალექსანდრეს გამეფება. მეფემ შეთქმულები დაამარცხა და მკაცრად დასაჯა.

ოსმალეთის აგრესიის კვლავ გააქტიურება, რუხის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1779 წელს, სოლომონ I-სგან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით, ოსმალეთის მთავრობის დავალებით, ოდიშში აფხაზებისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელი მოლაშქრეებისაგან (ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები) შემდგარი დიდძალი ჯარი შეიჭრა. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა, სწრაფად გადავიდა ოდიშში და დადიანთან ერთად რუხის ციხესთან ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მ. შ. მტრის არტილერია. რუხის ბრძოლამ დიდი ხნით შეაჩერა თურქთა ექსპანსია საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან. თუმცა, ამის შემდეგ, ოსმალებმა ქვემო გურიის და და აჭარის სიმაგრეებიდან დაიწყეს ორგანიზებული თავდასხმები იმერეთზე. 1781 წელს სოლომონმა აჭარაზე გალაშქრება სცადა, მაგრამ ამ ლაშქრობას წარმატება არ მოჰყოლია.

1783 წელს სოლომონმა მოინდომა აღმოსავლეთ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფრმებული ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება გაეფორმებინა რუსეთთან. ამ ამბავმა ოსმალეთი იმდენად შეაშფოთა, რომ იმავე წლის 1 ნოემბერს საგანგებო ელჩობა გაუგზავნეს სოლომონს, რათა უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე. ელჩი სოლომონს უარით გაუსტუმრებია.

ტახტის მემკვიდრის ძიებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონ I-ს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა. მისი ძე, ალექსანდრე 1780 წელს გარდაიცვალა. სოლომონს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა. 1783 წელს მან თავისი მოძღვარი მიუგზავნა ერეკლე II-ს და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე II-ის შვილიშვილს, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II), იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე უარს იტყოდა.

უკანასკნელი ბრძოლა ოსმალებთან და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალთა აგრესიის აღსაკვეთად სოლომონ I-მა რამდენიმეჯერ ილაშქრა ქვემო გურიაში. 1784 წლის მარტში მან დიდი ბრძოლა გადაიხადა ქვემო გურიის გასათავისუფლებლად. ნაჭიშკრევთან გამართულ ცხარე ბრძოლაში იმერეთ-გურიის ლაშქარმა ქობულეთისა და ჩაქვის მხარე სულ გაწმინდა მტრისაგან, მაგრამ მეფის მტრებისაგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ოსმალო მეციხოვნეებმა ზურგიდან მოუარეს სოლომონს და დიდი დარტყმა მიაყენეს. ქვემო გურია ერთი საუკუნის განმავლობაში ისევ ოსმალეთის ხელში დარჩა.

ეს მარცხი ჯანმრთელობაშერყეულმა მეფემ ვეღარ გადაიტანა. 1784 წელს ძვ. სტ. 23 აპრილს (გიორგობა დღეს), 49 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალეს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია–ოდიშის სამთავროებისა (1466–1770), წიგ. I, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1958
  • ერთგულების პირობის წიგნი მამია გურიელისა სოლომონ I-ისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, გვ. 422-423.
  • შეწირულების წიგნი სოლომონ I-ისა ქუთაისის ღმრთისმშობლისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, გვ. 428-433.
  • მეგობრობის დადგენილება ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის, ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, II, თბილისი, 1965, გვ. 433-436

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 457.
  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბ., ნეკერი, 2000
  • ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. II, თბ., 1968
  • შ. ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი, უნივერსიტეტის შრომები, ტ. 41, 1950.
  • შ. ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, ხელნაწერთა ინსტუტის მოამბე, ტ. III, თბ., 1989
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • გ. პაიჭაძე, ქ. ჩხატარაიშვილი, 1768–1774 წლების რუსეთ–თურქეთის ომი და საქართველო, სინ. ტ. IV, თბ., 1973
  • ს. კაკაბაძე, საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ I-ს დროს, თბ., 1913
  • პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბილისი, 1977
  • ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გამოსცა შ. ბურჯანაძემ, თბილისი, 1962.
  • სამუშია, ჯ. ხრესილის ბრძოლა, არსენალი : "კვირის პალიტრა", სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი, თბ., 2007, 16-29 ნოემბერი, N12 (41), გვ. 52-53

უცხოური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alexandre Manvelichvili, Histoire de la Géorgie, Nouvelles Éditions de la Toison d'Or, Paris, 1951, 476 p., p. 324-331
  • Nodar Assatiani et Alexandre Bendianachvili, Histoire de la Géorgie, l'Harmattan, Paris, 1997, 335 p. (ISBN 2-7384-6186-7), p. 219-229.
  • Cyrille Toumanoff, Manuel de généalogie et de chronologie pour le Caucase chrétien (Arménie, Géorgie, Albanie), Édition Aquila, Rome, 1976, p. 172 & 551.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონ I
დაიბადა: 1735 გარდაიცვალა: 23 აპრილი, 1784
წინამორბედი:
ალექსანდრე V
იმერეთის მეფე
1752-1766
შემდეგი:
თეიმურაზ I
წინამორბედი:
თეიმურაზ I
იმერეთის მეფე
1768-1784
შემდეგი:
დავით II